четверг, 28 февраля 2013 г.

ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობები


წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს. სულ პატარას გარდაეცვალა მამა, სიმონ თაყაიშვილი, ხუთი წლისას კი - დედაც. სამიოდე წლისა ხიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა; წესიერი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა.
შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ძმა. სიმონ ქიქოძემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ექვთიმეზე. იგი მოსწავლეებს უკითხავდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, ასწავლიდა ლექსებს. ოზურგეთში სწავლისას დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე თაყაიშვილი და შემდგომ ცნობილი მეცნიერი ნიკო მარი. ეს ნაცნობობა შემდეგ დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.
ექვთიმე ოზურგეთიდან ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში. 1883 წ. გიმნაზიას ამთავრებს და პეტერბურგში მიემგზავრება უნივერსიტეტში სასწავლებლად.აქ ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მსმენელად ჩაირიცხა. 1887 წ. დაამთავრა უნივერსიტეტი და საქართველოსკენ გამოემართა.საქართველოში მასწავლებლობას იწყებს. ასწავლის ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1887-94 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაშია. 1894-1904 წლებში განაგებს სათავადაზნაურო გიმნაზიას.
ექვთიმე თაყაიშვილი მთელი გატაცებით აგროვებს საქართველოს სიძველეებს: ხელნაწერებს, არქეოლოგიურ მასალას, შინამრეწველობის ნიმუშებს. ცდილობს მათ მეცნიერეულ შესწავლა-დამუშავებას. დაუახლოვდა სახელგანთქმულ მეცნიერს დიმიტრი ბაქრაძეს და საბოლოოდ გადაწყვიტა ისტორიკოსობა - ეს კეთილშობილური, მაგრამ მძიმე საქმე. დიმიტრი ბაქრაძეს მაშინ დაუახლოვდა, როცა საქართველოს წარსულის ძეგლები მიმოფანტული იყო და განწირული დასაღუპავად. „იმხანად, - იგონებს ე. თაყაიშვილი, - უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად; რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის...“
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი აქტიურად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ამ საზოგადოების გამგეობის წევრი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მთელი ძალით შეუდგა „საზოგადოებაში“ მუშაობას. მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში და ეხმარებოდა სკოლებსა და სამკითხველოებს; აგროვებდა ძვირფას წიგნებს, სხვადასხვა სახის სიძველეებს, სიგელ-გუჯრებსა და ისტორიულ საბუთებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий